By Laguna Beach Club Bazaleti
ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ლეგენდა, რომელიც ბაზალეთის ტბასთანაა დაკავშირებული, გახლავთ ჩვილის შესახებ, რომელმაც სოფელი გვალვისგან იხსნა.
გადმოცემის თანახმად, ამ ადგილებში ცხოვრობდა ქალი, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა, თუმცა, დიდხანს ოცნებობდა ამაზე და ბოლოს, როგორც იქნა, მოხდა სასწაული და ქალს ვაჟიშვილი შეეძინა👶 მაგრამ, ბავშვის დაბადებასთან ერთად, სოფელს თავს გვალვა დაატყდა. სოფლის სასოწარკვეთილმა მცხოვრებლებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ერთ-ერთ, გვალვისგან სულისშემხუთავ ღამეს კი, ქალმა სიზმარი ნახა, რომ თუ ის თავის შვილს სოფლიდან ოდნავ მოშორებით, მთებში დატოვებდა, მაშინ გვალვა დასრულდებოდა. მან ამის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, მაგრამ, მსგავსი რამის ჩადენა არც უფიქრია. თუმცა, ოჯახმა გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღო და ბავშვი მთებში წაიყვანეს. დილით კი, იმ ადგილას, სადაც აკვანი იდგა, გაჩნდა სუფთა და გამჭვირვალე ტბა🗻
სოფელი გადარჩა, მაგრამ ქალს იქ ცხოვრება აღარ შეეძლო, რადგან გული, მთებისკენ მიუწევდა, სადაც ტბა იყო. იქ მისული კი, ყოველდღე, ტბას ცრემლებით ავსებდა.
ახლა, ბაზალეთი ყოველწლიურად ლამაზდება. ამბობენ, რომ ბიჭი იზრდება და მშვენდება, მასთან ერთად კი ტბაც ლამაზდება. 💪🧔
“ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო, წყლის ქვეშე,
უცხო წალკოტი ჰყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს, თურმე, არ სჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი გრძნეულნი
დასტრფიან და დამღერიან…
ამბობენ, – თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
ამას კი აღარ ამბობენ –
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა…
იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?
თუ ესე არის, ნეტა მას,
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!
თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!”
ილია ჭავჭავაძე 14 ივლისი, 1883 წ.